სტუმრებს ვთავაზობთ ერთდღიან მოგზაურობას ულამაზეს ასხის მასივზე. ამ მოგზაურობას 2026 წლამდე მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებდნენ და დაკავშირებული იყო დიდ სირთულეებთან.
ახალი გზა, შესაძლებლობას იძლევა, მაღალი გამავლობის ავტომობილებით, ერთ დღეში დაათვალიერო ეს უმშვენიერესი ადგილი.
ასხის მასივი მდებარეობს ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან საშუალოდ 2200 მეტრ სიმაღლეზე. მისი უმაღლესი წერტილია მთა გადრეკილი, სიმაღლე 2519 მეტრი.
მასივი განფენილია იმერეთის, ლეჩხუმისა და სამეგრელოს საზღვარზე.
გზა ასხისაკენ გადის სოფელ კინჩხასა და ოკაცის წყალვარდნილზე. შემდეგ რამდენიმე კილომეტრი გზა მიემართება უსიერ ტყის მასივში. აქ გაივლით ასწლოვანი წიფლის, რცხილისა და ცაცხვის უზარმაზარი ხეების ჩრდილში.
ალპური ზონა იწყება ასხის მასივის სამხრეთ ფერდობზე, რომელიც დაფარულია წარმოუდგენელი ფერების მინდვრის ყვავილების ხალიჩით.
უღელტეხილი მდებარეობს 2300 მეტრ სიმაღლეზე. უღელტეხილის გადავლის შემდეგ თქვენ წინ გადაიშლება მასივის უკიდეგანო სივრცე.
ეს სივრცე დასავლეთით შემოსაზღვრულია სამეგრელოს მხარით და მდინარე ტეხურით, ჩრდილოეთიდან სვანეთის ულამაზესი მთებით, აღმოსავლეთით კი ცხენისწყლითა და ლეჩხუმით, რომელსაც აგვირგვინებს ზღაპრული ხვამლის მთა.
ადრე ამ ადგილს უწოდებდნენ ცხენების სამოთხეს. ყოველ ზაფხულს აქ, ახლო მდებარე რაიონებიდან ამოჰყავდათ ცხენები ზაფხულის საძოვრებზე. ახლაც ძალიან ბევრი ცხენია. ხშირად ისინი ერთად იკრიბებიან და დიდი სიჩქარით დაქრიან ამ ველებზე.














